პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

უვიზოდ მიმოსვლის წესები და პირობები

2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.

უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანას, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანას, ასევე, შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანას.

ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.

ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და შვეიცარია.

ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია.

გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდიაამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს.

ევროკავშირის/შენგენის რუკა

5 ფაქტი შენგენის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

  1. შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლა, საშუალებას აძლევს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, გაემგზავრონ 30 ქვეყნაში მოკლევადიანი ვიზიტით - ჯამში 180 დღის ვადით. ერთ ჯერზე შენგენის სივრცეში ყოფნის მაქსიმალური ვადაა - 90 დღე.
  2. უვიზოდ მიმოსვლა არ აძლევს მოქალაქეს შენგენის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას.
  3. უვიზოდ მიმოსვლა არ აძლევს მოქალაქეს შენგენის ტერიტორიაზე ხანგრძლივი სწავლის უფლებას. გრძელვადიანი სასწავლო ვიზის მისაღებად, მსურველებმა უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულო დაწესებულებას.
  4. შენგენის სივრცის ქვეყნებს შორის, როგორც წესი, სასაზღვრო კონტროლი არ არსებობს, ასე, რომ, ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, შესაძლებელია შენგენის სივრცის შიგნით, ერთი ქვეყნიდან მეორეში თავისუფალად გადაადგილება.
  5. უვიზო მიმოსვლა არ იწვევს შენგენის ტერიტორიაზე  უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სტატუსის შეცვლას. კვლავ ძალაშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული რეადმისიის შესახებ შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უნებართვოდ მცხოვრებ პირთა იდენტიფიცირებასა და მათ საქართველოში დაბრუნებას.

 

შენგენის სივრცეში შესვლის პირობები

შენგენის სასაზღვრო კოდექსი ითვალისწინებს ტერიტორიაზე შესვლის რამდენიმე პირობას არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის:

  1. მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის, ან საზღვრის გადაკვეთის უფლების მიმნიჭებელი საბუთის ქონა;
  2. დაგეგმილი ვიზიტის მიზნისა და პირობების დასაბუთება, საკმარისი საარსებო საშუალების ქონა, როგორც დაგეგმილი ვიზიტის პერიოდისთვის, ასევე უკან დასაბრუნებლად;
  3. ტერიტორიაზე შესვლის მსურველზე არ უნდა არსებობდეს შეტყობინება „შენგენის საინფორმაციო სისტემაში“ (SIS II), შესვლაზე უარის თქმის შესახებ;
  4. ტერიტორიაზე შესვლის მსურველი არ უნდა მიიჩნეოდეს საფრთხედ საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წევრი ქვეყნების ეროვნულ მონაცემთა ბაზაში არ არსებობს შეტყობინება ამავე საფუძვლით შესვლაზე უარის თქმის შესახებ.

 

ვიზიტის მიზანი, პირობების დასაბუთება და საკმარისი საარსებო საშუალების ქონა

მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს: ტურისტული მოგზაურობა; ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების გამართვა; კულტურულ, პოლიტიკურ, სამეცნიერო, სპორტულ ღონისძიებებში, კონფერენციებსა თუ სემინარებში მონაწილეობა; მოკლევადიან სასწავლო კურსებში, ტრენინგებსა თუ სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო მომსახურების მიღება.

მიუხედავად იმისა, თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რა მიზნით მიემგზავრება მოქალააქე, მან აუცილებლად თან უნდა იქონიოს:

  • საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი;
  • ვიზიტის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: საკმარისი საარსებო საშუალების ქონა შეიძლება დადასტურდეს ნაღდი ფულით, მოქმედი საბანკო ბარათით ან სამგზავრო ჩეკით. საარსებო საშუალება უნდა შეფასდეს ვიზიტის ხანგრძლივობისა და მიზნის მიხედვით, შესაბამის წევრ ქვეყანაში არსებული საშუალო ფასების გათვალისწინებით, როგორც წესი, საცხოვრებლის ხარჯის გარდა, საჭირო თანხა არ აღემატება 50 ევროს დღეში. თუ მოქალაქე მასპინძელთან აპირებს გაჩერებას, საარსებო საშუალების დასტურად ჩაითვლება მასპინძლის განცხადება დაფინანსების თაობაზე ან გარანტიის წერილი;
  • დასაბრუნებელი ბილეთი: დასაბრუნებელი ბილეთის შეცვლა შესაძლებელია, თუ მოქალაქეს აქვს დარჩენილი დღეების საკმარისი რაოდენობა - ანუ არ ამოუწურავს 180 დღის განმავლობაში, მოკლევადიანი ვიზიტით განსაზღვრული 90 დღიანი ვადა;
  • საცხოვრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი: სასტუმროს ჯავშანი ან მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შენგენის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი, მასპინძლის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.

მოგზაურობის კონკრეტული მიზნის დასადასტურებლად შესაძლოა საჭირო გახდეს, შესაბამისი საბუთების წარდგენა:

ა) ტურისტული მოგზაურობა

ორგანიზებული მოგზაურობის ჯავშანი ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს/ ასახავს მოგზაურობის გეგმებს.

ბ) ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების მონახულება

-ოჯახის წევრის /ნათესავის/ახლობლის, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილ მოწვევა;

-დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ოჯახის წევრის /ნათესავის/ახლობლის ლეგალურად ყოფნას, მათი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია (თუ მათთან რჩებით)

გ) საქმიანი შეხვედრა

-კომპანიის, ან სხვა დაწესებულების მოწვევა, კონფერენციაში ან სხვა, ვაჭრობასთან, მრეწველობასთან ან სხვა საქმიან სფეროსთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე;

-გამოფენაზე/ფორუმზე/კონგრესზე დასასწრები ბილეთი;

-სხვა დოკუმენტი, რომელიც ასაბუთებს სავაჭრო ან სხვა საქმიანი ურთიერთობების არსებობას.

დ) კულტურულ, პოლიტიკურ, სამეცნიერო, სპორტულ ღონისძიებებში, კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა

მოწვევა, ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი, ღონისძიების პროგრამა, რომელშიც მითითებულია, შესაძლებლობის შემთხვევაში მასპინძელი ორგანიზაცია, და დარჩენის ხანგრძლივობა

ე) მოკლევადიან სასწავლო კურსებში, ტრენინგებში, სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა

სასწავლო დაწესებულებაში, ტრენინგზე, პროფესიულ ან თეორიულ სასწავლო პროგრამაზე ჩაწერის დამადასტურებელი დოკუმენტი

ვ) სამედიცინო მომსახურების მიღება

-სამედიცინო დაწესებულების წერილი, რომელიც ასახავს გამგზავრების მიზანს, სამედიცინო მომსახურების სახეს, სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ზუსტ ან სავარაუდო პერიოდსა და მომსახურების გადასახადის ზუსტ ან სავარაუდო ოდენობას;

-თანმხლებ პირთან ერთად მოგზაურობის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს, რომ პაციენტს სჭირდება თანხლება.


 

მოქალაქეს შეუძლია დარჩეს შენგენის ტერიტორიაზე 90 დღის ვადით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. შენგენის ზონის ქვეყანაში შესვლის დღე ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის პირველ დღედ ითვლება, ხოლო ქვეყნის დატოვების დღე ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ბოლო დღედ. 90 დღის გამოყენება შეიძლება როგორც გადაბმულად, ისე განაწილებით.

 


 

უარი  შენგენის სივრცეში შესვლაზე

მოქალაქეს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს შენგენის ტერიტორიაზე შესვლის პირობებს, უარი ეთქმევა ტერიტორიაზე შესვლაზე.

ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, მესაზღვრე ავსებს  უარის გადაწყვეტილების სტანდარტულ ფორმას, რომელსაც ხელს აწერს მოქალაქეც. მას უნდა გადაეცეს შევსებული და ხელმოწერილი ფორმის ასლი. თუ მოქალაქე უარს ამბობს ხელის მოწერაზე, მესაზღვრე უთითებს ამ ფაქტს სტანდარტული ფორმაში, კომენტარების სექციაში.

მოქალაქისთვის უარის თქმის საფუძველი შესაძლოა იყოს:

  1. არა აქვს მოქმედი სამგზავრო საბუთი;
  2. აქვს ყალბი ან ძალადაკარგული სამგზავრო დოკუმენტი;
  3. არა აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, მიზნისა და პირობების დასასაბუთებლად;
  4. უკვე გამოყენებული აქვს  6 თვის მანძილზე, მოკლევადიანი ვიზიტით განსაზღვრული 3 თვიანი ვადა;
  5. არა აქვს საკმარისი საარსებო საშუალება დაგეგმილი ვიზიტის პერიოდისთვის ან უკან დასაბრუნებლად;
  6. არსებობს შეტყობინება შესვლაზე უარის თქმის შესახებ;
  7. ტერიტორიაზე შესვლის მსურველი მიიჩნევა საფრთხედ საზოგადოებრივი წესრიგის, შიდა უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის ან საერთაშორისო ურთიერთობებისთვის.

მოქალაქეს აქვს უფლება, გაასაჩივროს უარის გადაწყვეტილება, უარის ფურცელში მითითებული წესების შესაბამისად.

თუ მოქალაქეს უარი ეთქვა ტერიტორიაზე შესვლაზე, ის ბრუნდება საქართველოში თავისი ხარჯით.

პირს, რომელსაც უარი ეთქვა ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე, კვლავ შეუძლია გამგზავრება, თუ მას არ დაუწესდა რაიმე სახის შეზღუდვა.

 

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა და მისი შედეგები

შენგენის სივრცეში 90 დღეზე მეტი პერიოდით დარჩენა, საცხოვრებელი ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე,  არის უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა. ეს დრო ითვლება ტერიტორიაზე უნებართვოდ ყოფნად და შესაძლოა მოჰყვეს შენგენის ტერიტორიიდან გაძევება და შესვლის აკრძალვა, 5 წლამდე ვადით. ასევე, ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ შესაძლოა გამოიყენოს ადმინისტრაციული ჯარიმა, 3 000 ევრომდე ოდენობით.

ტერიტორიიდან გაძევების შემთხვევაში, პირი ხვდება შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS II) და რეგისტრირდება შეტყობინება შენგენის ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შესახებ, რაც მას  ხელს შეუშლის შემდგომში შენგენის სივრცის საზღვრის გადაკვეთაში. რადგან მოკლევადიანი ვიზიტი არ იძლევა მუშაობის უფლებას, შენგენის სივრცეში უნებართვოდ მუშაობა წარმოადგენს უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას და შესაძლოა მოჰყვეს ქვეყნიდან გაძევება და  ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON