პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის
„სკაიპის“ ცხელი ხაზი: migrant_ge ელ. ფოსტა: teona@cida.ge ტელ.: +995 599217599

ისტორიები

2013-12-24

საბერძნეთში მყოფი ქართველი მიგრანტის მონოლოგი

"კითხვები შეგიძლია არ დამისვა, ვეცდები ჩემი ამბავი მოკლედ მოგიყვე თანაგრძნობა ხომ ყველა ადამიანს სჭირდება.

თბილისიდან ვარ, ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ზრუნვა და სითბო არ მომკლებია. ყველაფერი პრესტიჟული მქონდა: სკოლა, უმაღლესი. მხოლოდ დროსტარებაზე ვფიქრობდი, გათხოვებითაც, სიყვარულით დავოჯახდი, ჯანმრთელი შვილები... რომც მინდოდეს ცუდს ვერაფერს ვიხსენებ.


შემდეგ კი ყველასათვის ნაცნობი კოშმარი დაიწყო.


დაწვრილებითაც რომ არ მოგიყვე, ხვდები ალბათ აქ რატომ აღმოვჩნდი. 2 წლით ჩამოვედი და მას მერე 15 წელი გავიდა… რამდენი დამცირება და ტკივილი ავიტანე. მარგარეტ ტეტჩერის არ ვიცი, მაგრამ მე კი ნამდვილად ვყოფილვარ "რკინის ლედი".


სახლი რომ დავიხსენი, ვალები გავისტუმრე, მშობლების საფლავი მოვაწესრიგე, მეუღლეს მცირე ბიზნესის აწყობაში დავეხმარე, შვილებს განათლება დავუფინანსე, ტანსაცმელზე და სხვა საჩუქრებზე რომ აღარ დავწვრილმანდე, საქართველოში დავბრუნდი.


ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი "ვაი" კი აქ მელოდა, როდესაც მივხვდი, რომ დედა და ცოლი - ევროს "პროვაიდერად" გადავქცეულვარ. აღარ მკითხავ ალბათ, საბერძნეთში რატომ დავბრუნდი. ბაირონი, კოპერნიკი, ვისზე ნაკლები ვარ?


გული საქართველოში დავტოვე, მაინც ფეთქავდა ეგ ოხერი და ცოცხლად ხომ არ დავმარხავდი?


მალე შვილიშვილი მეყოლება, ეცოდინება, რომ თოვლის ბაბუა, ბოდიში "სანტა-კლაუსი" ლაპლანდიაში ცხოვრობს და მშობლებს თუ დაუჯერებს ახალ წელს საჩუქარს მიიღებს, ბებია კი- საბერძნეთში და რაც არ უნდა ცუდად მოიქცეს, საჩუქარი ყოველ თვე გარანტირებული აქვს. ვიცი, გზა, რომელსაც ტაძრამდე არ მივყავართ-საჭირო არ არის, მაგრამ ბებია რომელიც საჩუქრებს ვეღარ ჩუქნის, საჭიროა თუ არა, როცა გაიზრდება თვითონ გადაწყვიტოს, მე კი ამ კითხვაზე პასუხი უკვე ვიცი."

ესაუბრა ჟურნალისტი ნინო ბაჯელიძე

© 2013 - WWW.MIGRANT.GE ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის დახმარებით, პროექტის „საქართველო – ინდივიდუალური დახმარება მიგრანტებს“ (G–PAM) ფარგლებში.
ვებგვერდი ფუნქციონირებს „ღია საზოგადოების ფონდების“ დახმარებით, პროექტის „საქართველო – პარტნიორობა მიგრანტთა უფლებებისთვის“ (G–PMR) ფარგლებში.
ვებგვერდს ადმინისტრირებას უწევს „სიდა“.
Created by STUDIO LEMON